Wednesday, March 6, 2013

ლაგოდეხის ნაკრძალი


ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი — მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთებზე, საქართველოს ტერიტორიაზე. დაარსდა 1912 წელს. უჭირავს 17668 ჰა, აქედან ტყით დაფარულია 12346 ჰა (72 %), დანარჩენი 5322 ჰა ალპური საძოვრებია. ზღვის დონიდან სიმაღლეების დიდი ამპლიტუდა (450-3500 მ), მკვეთრად დასერილი რელიეფი, სხვადასხვა დაქანებისა და ექსპოზიციის ფერდობები, ღრმა ხევები მდინარეებით ძლიერ განსხვავებულ და რთულ ბუნებრივ ფიზიკურ-გეოგრაფიულ პირობებს ქმნის, რაც განაპირობებს მცენარეული საფრის მრავალფეროვნებას. აქ მკვეთრადაა გამოსახული ტყის სარტყელი (ზღვის დონიდან 450-2300 მ-მდე) ქართული მუხის მუხნარებით და აღმოსავლური წიფლის წიფლნარებით და ალპური სარტყელი (ზღვის დონიდან 2300-3500 მ) მდელოებით, „ხალებით“ და დეკიანებით. ამ სარტყლებს შორის განლაგებულია სუბალპური მეჩხერი (მაღალმთის მუხისა და ბოკვის) და ტანბრეცილი (არყის) ტყეების სარტყელი (ზღვის დონიდან 1700-2300 მ). ალპური სარტყლის მაღლა სუბნივალური სარტყელია (ზღვის დონიდან 3000 მ) ძლიერ მეჩხერი ბალახნარით.


საქართველოში გავრცელებულ მცენარეთა სახეობების თითქმის 2/3 ნაკრძალშია თავმოყრილი. ხსენებულ ზაფხულმწვანე ჯიშების გარდა აქ ტყეებს ქმნის კავკასიური რცხილა, კავკასიური ცაცხვი, მინდვრის ნეკერჩხალი, დათვის თხილი, იფანი, მურყანი, წაბლი და სხვა. ქვეტყეში გვხვდება ჯონჯოლი, მოცვი, შინდი, შინდანწლა, ასკილი, უცვეთლა, ლიანებიდან — გარეული ვაზი, ეკალღიჭი, კატაბარდა, პასტუხოვის სურო და სხვა. კლიმატის სუბტროპიკული ხასიათის გამო ამ კუთხეში შემორჩა კოლხეთისა და ტალიშის მცენარეულობის ელემენტები: ლაფანი, კაკლის ხე, წაბლი, დიდი ბოკვი, პასტუხოვის სურო. ნაკრძალში ყვავილოვან მცენარეთა 1500-მდე სახეობაა, იგი, მდიდარია ენდემური სახეობებით (იულიას ფურისულა, მლოკოსევიჩის იორდასალამი, ლაგოდეხის ნაღველა და სხვა). ნაკრძალში აღრიცხულია 42 სახეობის ძუძუმწოვარი ცხოველი. აქ ჯოგებად გვხვდება აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი, ბევრია კავკასიური არჩვი, კავკასიური კეთილშობილი ირემი, ევროპული შველი, კავკასიური მურა დათვი, კავკასიური ფოცხვერი, გარეული ღორი, თეთრგულა და ყვითელგულა კვერნა, ამიერკავკასიური მაჩვი, კავკასიური ტყის კატა და სხვა.


ფრინველებიდან (აღრიცხულია მათი 120 სახეობა) აღსანიშნავია კავკასიური როჭო და შურთხი, დიდტანიანი მტაცებელი ფრინველები და მრავალი სახის მგალობელი ფრინველი, რეგისტრირებულია აგრეთვე ამფიბიის 4 და ქვეწარმავლების 8 სახეობა. ნაკრძალში მოწყობილია ფლორისა და ფაუნის მუზეუმი, მაღამთის მეტეოროლოგიური სადგური. ლაგოდეხის სახელმწიფო ნაკრძალი დაჯილოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით (1972).

თუშეთი-ვიდეომასალა


თუშეთის ეროვნული პარკი


თუშეთის ეროვნული პარკი — ეროვნული პარკი აღმოსავლეთ კავკასიონზე. მდებარეობს თუშეთის ქვაბულში, ზღვის დონიდან 900-4800 მ სიმაღლეზე. მისი ფართობია 83007 ჰექტარი. იგი დაარსდა 2003 წელს. თუშეთის ეროვნულ პარკში დაცულია ალპური მდელოები, მყინვარები, მდინარეთა სათავეები, ცალკეული მნიშვნელოვანი ცენოზები, იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებისა და ენდემურ რელიქტურ მცენარეთა სახეობები. აგრეთვე, უნიკალური ფიჭვნარი ტყე და წარმოდგენილი ტყის შემქმნელი სახეობები – არყი, მაღალმთის მუხა, ცირცელი, მდგნალი.


თუშეთის ეროვნული პარკი გამორჩეულია მაღალი ესთეტიკური ღირებულებების მქონე ლანდშაფტებით, ულამაზესი ალპური მდელოებით, საუცხოოდ შემონახული ფიჭვნარი ტყეებით; თებულოს (4492 მ), დიკლოს (4785 მ) და საქისტოს (2456 მ) მთების მწვერვალებით.

მდებარეობა და საზღვრები

მოიცავს დიდი კავკასიონის მთავარი ქედის გვერდითი ჩრდილოეთი (პირიქითა) ქედის სამხრეთ კალთებს (კავკასიონის ამ ნაწილში პირიქითა ქედი სიმაღლით აღემატება მთავარ ქედს და აღწევს ზღვის დონიდან 4500 მ), დიდი კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთ ფერდობებს, მათ შორის მდებარე თუშეთის ქვაბულს და სპეროზის ქედს. ჩრდილოეთისა და აღმოსავლეთის საზღვრები ემთხვევა საქართველოს სახელმწიფო საზღვარს რუსეთის ფედერაციასთან. კერძოდ, პარკი ჩრდილოეთით ესაზღვრება ჩეჩნეთსა და ინგუშეთს, ხოლო აღმოსავლეთით დაღესტანს. პარკს სამხრეთიდან ესაზღვრება კახეთი, ხოლო დასავლეთიდან ხევსურეთი, სადაც საზღვარი გადის აწუნთის ქედსა და ტებულოს მთაზე. თუშეთის ეროვნული პარკის საერთო ფართობი შეადგენს 76004 ჰა-ს. პარკის შემადგენლობაში შედის თუშეთის სახელმწიფო ნაკრძალი, რომელიც მოიცავს მდინარეების: პირიქითის, გომეწრის ალაზნების და ჭანჭახოვანის ხეობებს. კერძოდ, გომეწრის ალაზნის სათავეებს და მისი ხეობის მარჯვენა ფერდს - დეკიანი კომპლექსებისა და სუბალპური არყნარების გავრცელების არეალებს; პირიქითა ალაზნის ქვედა დინებას, მაკრატელას ქედის უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილს და მის მიმდებარე ფიჭვნარ ტყეებს დიკლოს მთამდე. პირიქითა ალაზნის ხეობის მარჯვენა ჩრდილო ფერდზე არსებულ ფიჭვნარ და არყნარ ტყეებს; ჭანჭახოვანის ხეობას, მარჯვენა და მარცხენა ფერდობებს, მის მდინარე გომეწრის ალაზანთან შესართავამდე. სახელმწიფო ნაკრძალი, ასევე, მოიცავს სოფლების: ომალოს, დიკლოს, შენაქოს, ქუმელაურთის და ხისოს მიმდებარე ტყის მასივებს; გომეწრის და პირიქითა ალაზნების შეერთების ადგილიდან დაღესტნის საზღვრამდე მდინარის მარჯვენა და მარცხენა ფერდობებზე არსებულ ტყის მასივებს. სახელმწიფო ნაკრძალის საერთო ფართობია 10881 ჰა.

თუშეთის დაცული ლანდშაფტი მოიცავს თუშეთის ტერიტორიაზე არსებულ სოფლებს, ასევე სხვა ისტორიულ-კულტურულ ძეგლებს. კერძოდ, პირიქითის ალაზნის და მისი სათავეების – ქვახიდისწყლისა და ლაროვნისწყლის, გომეწრის ალაზნის სათავის (ალაზნისთავის), წოვათის წყლის (წოვათა), ორწყალისა და მისი შენაკადების ხეობებში არსებულ მწყემსების საზაფხულო ბინებს და მათ მიმდებარე ტერიტორიებს, ასევე, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილო ფერდობებზე და დიკლოს მთის მახლობლად განლაგებულ საზაფხულო ბინებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებს. დაცული ლანდშაფტის საერთო ფართობია 31434 ჰა.

გეოლოგია და გეომორფოლოგია


ხედი გაგაურთას ნასოფლარიდან

თუშეთის ორივე გასწვრივი ხეობა (პრიქითი და გომეწრის ალაზნის ხეობები) და ნაყაიჩო-მაკრატელას ქედი იურული ფიქლებით არის აგებული. პირიქითის ალაზნის ხეობაში, სოფელ დართლოს მიდამოებში, რამდენიმე ადგილას კირქვიანი ტრავერტინების მძლავრი დანაგროვებია წარმოდგენილი. ამგვარ სუბსტრატზე განვითარებული ფლორა საკმაოდ თავისებურია და გამოირჩევა დანარჩენი ტერიტორიის ფლორისაგან.

თუშეთის რელიეფი საკმაოდ რთულია. რელიეფის მორფოლოგიური იერ-სახე მდინარეული ეროზიის ზემოქმედებით არის ჩამოყალიბებული. თუშეთის ორივე ალაზნის ზემო ნაწილები მეოთხეული პერიოდის მყინვარებითაა დამუშავებული. ამაზე მეტყველებს ტროგული ხეობების არსებობა და ხეობების ძირებზე მორენული ნაშალებით შემდგარი დანალექები. მაქსიმალური გამყინვარების ფაზაში მყინვარები აღწევდა ომალო-შენაქოს ვაკეებამდე და თუშეთის ტერიტორიის 60%-მდე მყინვარებით იყო დაფარული. მეოთხეული გამყინვარების ნიშნები კარგადაა გამოხატული როგორც პირიქითის და მაკრატელას ქედებზე, ასევე კავკასიონის მთავარ ქედზეც. ამ ადგილებში, ზღვის დონიდან 2700 მ-ზე მაღლა გვხვდება მყინვარული რელიეფის სხვადასხვა ფორმა ე. წ. ცირკებისა და კარების სახით.

თუშეთის აღმოსავლეთ ნაწილში სიმაღლეთა სხვაობა 2500 მ-ზე მეტია; ყველაზე დაბალი წერტილი ზღვის დონიდან 1600 მ-ზე მდებარეობს, ხოლო ყველაზე მაღალი 4275 მ-ზე. ორივე ალაზნის შესაყართან, სოფელ შენაქოს, ქვემო ომალოსა და დიკლოს მიდამოებში, შემორჩენილია რელიქტური ეროზიული ვაკეები.

კლიმატი 
რეგიონისთვის, ზოგადად, დამახასიათებელია ზომიერად ტენიანი კლიმატი შედარებით მშრალი და ცივი ზამთრით და მოკლე ზაფხულით. კონტინენტური კლიმატი, განსაკუთრებით, დამახასიათებელია თუშეთის აღმოსავლეთი ნაწილისათვის. თუმცა ლოკალური კლიმატური პირობები (განსაკუთრებით ატმოსფერული ნალექების რაოდენობა) მნიშვნელოვნად ცვალებადობს რელიეფისა და სიმაღლის მიხედვით. მაგალითად, საყორნეს უღელტეხილზე (2970 მ. ზღ. დ.) საშუალო წლიური ნალექების რაოდენობაა 1631 მმ; მდ. ორწყალის ხეობაში იგი 1064 მმ-მდეა. სხვა ადგილებში წლიური ნალექების რაოდენობა მერყეობს 700-900 მმ-ის ფარგლებში. ნალექების სიუხვით განსაკუთრებით გამოირჩევა კავკასიონის მთავარი ქედი და, საერთოდ, გომეწრის ალაზნის აუზი, სადაც ატმოსფერული ნალექების საშუალო წლიური რაოდენობა, დაახლოებით, 10%-ით უფრო მაღალია ვიდრე პირიქითა ალაზნის ხეობაში. ეს სათანადოდ აისახება ამ ორი მდინარის წყლის რეჟიმებზეც. ნალექების რაოდენობის განსხვავება გამოწვეულია იმით, რომ თუშეთის აღნიშნული ნაწილი უმთავრესად ტენიანდება სამხრეთიდან შემოჭრილი ტენიანი ჰაერის მასებით.

თუშეთის ქვაბული, რომელიც ჩრდილოეთიდან და სამხრეთიდან მაღალი მთებითაა დაცული, ხასიათდება უმეტესად უქარო და მშრალი ლოკალური კლიმატით. მაგალითად, ომალოს პლატო თუშეთის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და თბილი ადგილია, სადაც საშუალო წლიური ტემპერატურა 3.5ºC-ია. აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 14.2ºC-ია, ხოლო იანვრისა - მინუს 9.1ºC (თუმცა ტემპერატურა ნულს ქვემოთ შესაძლოა აგვისტოშიც კი დაეცეს). აბსოლუტური მაქსიმუმი 31ºC-ია, ხოლო აბსოლუტური მინიმუმი - მინუს 36ºC. საშუალო წლიური ნალექების რაოდენობა 748 მმ-ია, რომლის უმეტესი ნაწილი მოდის წელიწადის უთბილეს პერიოდში – აპრილიდან სექტემბერის ჩათვლით.

თოვლის საფარის სისქე და განაწილების კანონზომიერებანი ნაირგვარია და დამოკიდებულია არა მხოლოდ ნალექების რაოდენობაზე, არამედ ქარის მიმართულებაზე, მის სიძლიერესა და მეზორელიეფის თავისებურებაზე.

რელიეფის სირთულის, ექსპოზიციათა ნაირგვარობისა და სხვა გარემოებათა გამო, მეზო და მიკროკლიმატი თუშეთში საკმაოდ მრავალფეროვანია. თუმცა, უმთავრესად სიმაღლეთა სხვაობის მიხედვით, გამოიყოფა კლიმატის შემდეგი ძირითადი ტიპები:
ნოტიო კლიმატი ცივი ზამთრითა და მოკლე ზაფხულით (1600-2000 მ);
გარდამავალი მთის კლიმატი ცივი ზამთრით და მოკლე ზაფხულით (2000-2400 მ);
ნამდვილ ზაფხულს მოკლებული მაღალმთის ზომიერად ნოტიო კლიმატი (2400-3400 მ);
მაღალმთის ნოტიო კლიმატი, მუდმივი თოვლითა და მყინვარებით, სადაც წლის ყველა თვის საშუალო ტემპერატურა 0ºC-ზე დაბალია (3400 მ-ზე ზევით).

ჰიდროლოგია
                                                                                გზა შენაქოდან დიკლოსკენ

თუშეთის ტერიტორია, არსებითად, საკმაოდ ვრცელ, გასწვრივ ქვაბულს წარმოადგენს. იგი ორი პარალელური ხეობისგან შედგება. ერთ ხეობაში გაედინება პირიქითი ალაზანი, ხოლო მეორეში – გომეწრის ალაზანი. მათ შორისაა ნაყაიჩო-მაკრატელას წყალგამყოფი გასწვრივი ქედი, რომელიც აწუნთის ქედს გამოეყოფა ამუგოს მწვერვალის მასივთან. მას აღმოსავლეთის მიმართულება აქვს და მთავრდება ომალოს პლატოთი. ამ პლატოს ძირზეა ზემოთხსენებული ორი ალაზნის შესართავი, რომელიც ზღ. დ-დან დაახლოებით 1600 მ-ზე მდებარეობს. გომეწრის ალაზნის აუზში ჩამონადენის მოდული ყოველ კვ. კმ-ზე 3 მეტრით მეტია, ვიდრე პირიქითი ალაზნის აუზში.

პირიქითი ალაზნის შედარებით დიდი შენაკადია ლაროვანისწყალი, ხოლო გომეწრის ალაზნისა — ხისოსწყალი (ჭანჭახოვანის ხეობა), ორწყალი და ქიბდუხის ხევი. ეს შენაკადები მარჯვნიდან ერთვიან თუშეთის ალაზნებს. გომეწრის ალაზნის შედარებით დიდი მარცხენა შენაკადებია წოვათისწყალი და სამაროვნისწყალი, ხოლო თუშეთის შეერთებული ალაზნებისა — დიკლოსხაისწყალი. პირიქითის ალაზნის მარცხენა შედარებით მოზრდილი შენაკადებია ჩიღოსხაისწყალი, დიდხევი, ჭეროსხაისწყალი და ფარსმისხევი. ეს შენაკადები პირიქითის ქედის სამხრეთი კალთებიდან ჩამოედინება. ასევე, უხვადაა წვრილ-წვრილი შენაკადები და წყაროები. თუშეთის რელიეფი ჰიდროგრაფიული ქსელით ძლიერაა დანაწევრებული. ზამთარში მდინარეების უმეტესობა ნაწილობრივ ან მთლიანად იყინება.

თუშეთში მრავლადაა სხვადასხვა წარმოშობის მცირე ზომის ტბები. მდ. ორწყალის სათავეებში წრამოდგენილია მცირე ზომის (20 მ-ზე ნაკლები დიამეტრის) მყინვარული წარმოშობის ტბები. პატარა ტბები გვხვდება შავკილდისა და ვებუს სათავეებთანაც. მუდმივად გაყინული ტბა მდებარეობს კალოანის სათავეებში. შედარებით დიდი ტბა (200 მ სიგრძეში) მდებარეობს მიტოვებული სოფლის ჰეღოს მიდამოებში.

მაღალი მთის ჭაობები გვხვდება შენაქოს, ომალოს, თურსიეხისა და ხახაბოს მიდამოებში. მათი უმეტესობა ჩამოყალიბებულია ტბების ადგილას და ამჟამად მიწისქვეშა წყლებით იკვებება.

თუშეთი მდიდარია მინერალური წყლებით. სოფელ ჩიღოს წყარო ძლიერ მარილიანია. მჟავე წყაროებია ვეძის გორას ძირში, ხოლო ტუტე წყლები გამოდის სოფლებში ომალო, შენაქო, ფარსმა, ჭონთიო და სხვ. რკინის მაღალი შემცველობის მქონე წყლები გვხვდება დოჭუსა და ხახაბოსთან.

ნიადაგები 

თუშეთში წარმოდგენილია სხვადასხვა ტიპის ნიადაგები. მთის ზედა სარტყელში უმთავრესად კარგად განვითარებული ტყის ღია ყომრალი ნიადაგები გვხვდება. გავრცელებულია ამავე ტიპის ნიადაგის სუსტად განვითარებული ღორღიანი ნაირსახეობაც. საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული პრიმიტიულკორდიან-ღორღიანი ნიადაგები, როგორც ტყის, ისე — სუბალპურ და ალპურ სარტყლებში. ხეობების ძირებზე, შედარებით ახალგაზრდა ტერასებზე, განვითარებულია მეორადი მდელოებით ან მურყნარით დაფარული პროლუვიურ-დელუვიური ჭალის ნიადაგები. სუბალპურ მდელოებზე და გამეჩხერებულ ფიჭვნარებსა და არყნარებში გვხვდება მთა-მდელოს სანახევროდ გაკორდებული ნიადაგები. დეკიანებისთვის დამახასიათებელია ტორფიან-ღორღიანი ნიადაგები, რომლებიც განვითარებულია ჩრდილოეთის ფერდობებზე როგორც სუბალპურ, ისე ალპურ სარტყლებში. სუბალპურ ზონაში სამხრეთისა და აღმოსავლეთის ექსპოზიციის ციცაბო ფერდობებზე წარმოდგენილია პრიმიტიული კლდიან-ღორღიანი ნიადაგები. ამგვარ სუბსტრატზე განვითარებულია ქსეროფილური ბუჩქნარ-ბალახეული მცენარეულობა, ზოგან მეტად მეჩხერი ფიჭვნარები.

ლანდშაფტები და ჰაბიტატები 

თუშეთის დაცული ტერიტორიები გასაოცარი ლანდშაფტური მრავალფეროვნებით ხასიათდება. აქ ვხვდებით ფიჭვნარებისგან, სუბალპური ბუჩქნარებისა და ტყეებისგან, სუბალპური და ალპური მდელოებისა და მყინვარებისგან შექმნილ ეკოლოგიურ „მოზაიკას“. სხვადასხვა ტიპის ლანდშაფტების ფორმირებისა და გავრცელების კანონზომიერება გარემოს მახასიათებლების (გეოლოგიური, გეოგრაფიული, კლიმატური, ბიოგეოგრაფიული და სხვ. ფაქტორები) და საუკუნეების განმავლობაში ადამიანის საქმიანობის ერთობლივი მოქმედების შედეგია. წარსულში მეცხვარეობასთან ერთად მნიშვნელოვანი ანთროპოგენული ფაქტორი იყო მიწათმოქმედება. საკმაოდ დიდი ფართობები იხვნებოდა და მოთხოვნილება მარცვლეულზე მთლიანად ადგილობრივი მოსავლით კმაყოფილდებოდა. მოგვიანებით ხვნა-თესვა პრაქტიკულად შეწყდა (მარცვლეული უკვე ბარიდან შედიოდა) და მეცხვარეობა წამყვან საქმიანობად გადაიქცა. მიტოვებული სახნავ-სათესი მიწები გასაძოვრდა. ამ დროიდან მოყოლებული ძოვება ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი გახდა ლანდშაფტის ჩამოყალიბებაში. ყოფილ სახნავ-სათეს ტერიტორიებზე კი მცენარეულობის აღდგენა მუდმივი ძოვების პირობებში მიმდინარეობდა. შედეგად საკმაოდ ვრცელ ტერიტორიებზე, რომლებიც თავდაპირველად სახნავად გამოიყენებოდა, კერძოდ, ტყის ზონის ზედა ქვესარტყელში (1800-1900 მ. ზღ.დ.) და სუბალპური ზონის სამხრეთი ექსპოზიციის კალთებზე, ნაკლებ-პროდუქტიული მეორადი მდელოები ჩამოყალიბდა. შესაბამისად, ფიჭვნარებისა და მდელოების თანამედროვე გავრცელება მნიშვნელოვანწილად ადამიანის საქმიანობითაა განპირობებული.

მცენარეულობის ტიპი და სტრუქტურა, რელიეფის ფორმასთან ერთად დაცული ტერიტორიების ლანდშაფტების მეტ-ნაკლებად პირობითი კლასიფიკაციის საშუალებას გვაძლევს.



შენაქოს სამების ეკლესია დიკლოს მთის ფონზე.

ვაშლოვანი-ვიდეომასალა


ვაშლოვანის ეროვნული პარკი


ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი — კომპლექსური ნაკრძალი დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, შირაქის ზეგანზე, საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, თბილისიდან 200 კმ-ში. ნაკრძალად გამოცხადდა 1935 წელს. საერთო ფართობია 4,868 ჰა, ტყით დაფარულია 4.032 ჰა, დანარჩენი ნაწილი ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს უჭირავს.

ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიური მგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა). ნაკრძალის მიზანია ამჟამად ძალზე შემცირებული ნათელი ტყის ფლორისა და ფაუნის იშვიათი წარმომადგენლების დაცვა-შემონახვა.სექციების სია 
შექმნის ისტორია 
ვაშლოვანის ეროვნული პარკის შექმნა განაპირობა ვაშლოვანის ნაკრძალის გარშემო არსებული ნაკლებად სახეშეცვლილი ეკოსისტემების განადგურების საშიშროებამ. აღნიშნული პროცესი საფრთხის ქვეშ აყენებდა როგორც ამ ეკოსისტემებს, ასევე ხელს უშლიდა ვაშლოვანის ნაკრძალის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებასაც. ვაშლოვანის ნაკრძალისა და ეროვნული პარკის შექმნა ემსახურება არიდული ეკოსისტემის ბუნებრივ მდგომარეობაში შენარჩუნებასა და ტერიტორიაზე გავრცელებულ მცენარეთა და ცხოველთა იშვიათი სახეობების დაცვასა და აღდგენას. გარდა ამისა, დაცული ტერიტორიების არსებობა ხელს უწყობს გარემოს მონიტორინგს, მეცნიერულ კვლევებსა და ეკოლოგიურ განათლებას.

გეოგრაფია 
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები შემოსაზღვრულია მდინარეების ალაზნისა და იორის დეპრესიებით. აღსანიშნავია ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების რელიეფის მეტად საინტერესო და თავისებური ფორმები. ვაშლოვანი საინტერესოა კლიმატური თვალსაზრისითაც. ის ერთ-ერთი ყველაზე მშრალი და უწყლო უბანია მთელ საქართველოში. აქაური კლიმატი ხასიათდება სიმშრალითა და სითბოს სიუხვით.

ფლორა
ვაშლოვანში არსებული ბუნებრივი პირობების სპეციფიკური ხასიათი განაპირობებს ორიგინალური ფლორის არსებობას. ხმელეთის ასეთ მცირე ფართობზე მცენარეული ტიპების ესოდენ სწრაფი ცვლა საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ შეინიშნება. მრავალფეროვანი ბუნებრივი კომპლექსების მოქმედების შედეგად, ამ მცირე სიმაღლის სხვაობის (ჰიფსომეტრიული ამპლიტუდის) მქონე რეგიონში, ჩამოყალიბდა მკაფიოდ გამოკვეთილი ხუთი მცენარეული ტიპი: ნახევარუდაბნო, არიდული (ლათ. aridus — მშრალი) მეჩხერი ტყე, სტეპი და ფოთლოვანი ტყე. გარდა ამისა გამოიკვეთა ოთხი ინტრაზონური ტიპი: კლდეთა ქსეროფიტები, ჭალის, ანუ მდინარისპირა ტყეები, მთისწინების ძეძვიანი და კირქვიანის მცენარეულობა.

ნახევარუდაბნოს მცენარეულობაში გამოიყოფა ავშნიან-უროიანი და ავშნიან-ჩარანიანი ფორმაციები. ბუჩქბალახები: ავშანი (Artemisia fragrans), ჩარანი (Salsola ericoides), უფრო მცირე რაოდენობით ყარღანი (Salsola dendroides), იშვიათად წითელწვერა (Kochia prostrata).

ღვიიანი ფორმაციის შემქმნელი სახეობებია ხემაგვარა ღვიები: შავი ღვია (Iuniperus foetidissima) და მრავალნაყოფა ღვია (I. polycarpos).

ღვიიან-საკმლისხიანების ფარგლებში მცირე ფრაგმენტებად წარმოდგენილია ბროწეულის (Punica granatum), კოწახურის (Barberis iberica), მაყვლის (Rubus sanguineus), მაწაკის (Imperata cilindrica), ქენდირის (Apocynum sibiricum), ერიანტუსისა (Erianthus purpurascens) და სხვ. დაჯგუფებანი. დათვის ხევში, რიყის გასწვრივ მცირე მონაკვეთზე მესამეული პერიოდის რელიქტის — თურანულას (Populus euphratica) ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში.

ღვიიან-საკმლისხიანებში საკმაოდ ბევრია საქართველოსთვის ენდემური სახეობა. ესენია: Torularia eldarica, Galatella eldarica, ასევე იშვიათი სახეობები: Astragalus phseudoutriger, A. sphaerocephalus, Edisarum ibericum, Leptorhabdos virgata, Caccinia Rauwolfii, Tulipa Eichleri და სხვ.

ტყის შემქმნელი ძირითადი სახეობებია: ხემცენარეებიდან — საკმლის ხე (Pistacia mutica), ხემაგვარი ღვიები (Iuniperus foetidissima, I. polycarpus, I. rufescens); მათ მშრალი ხევების გასწვრივ ემატება — კავკასიური აკაკი (Celtis caucasica), ქართული ნეკერჩხალი (Acer ibericum), თელა (Ulmus foliacea); ბუჩქებიდან — ძეძვი (Paliurus spina-christi), შავჯაგა (Rhamnus Pallasii), მენახირის ბალი (Cerasus microcarpa, incana), ჟასმინი (Iasminum fruticans), თრიმლი (Cotinus coggygria), ქართული ცხრატყავა (Lonicera iberica); მშრალი ხევების გასწვრივ — ქართული კოწახური (Berberis iberica), ბროწეული (Punica granatum) და სხვა.

ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ყარღანი, შოროქანი და ნაცარქათამასებრთა ოჯახის ერთწლოვანი სარეველა მცენარეები. გამოსარჩევია ჰალოფიტი ბუჩქ-ბალახი Kalidium caspicum, რომელიც ძალიან იშვიათია საქართველოსათვის. ხეობის მარჯვენა მხარეზე, თაბაშირის შემცველ თიხიან ფერდობზე, დეკორატიული ბუჩქის — Eversmania subspinosa-ს ერთადერთი ადგილსამყოფელია საქართველოში. მასთან ერთად მრავლადაა დეკორატიული ეიხლერის ტიტა (Tulipa Eichleri) და ეფემეროიდი ტუბერ-გორგლიანი (Bongardia chrisogonum). ყაშებ-შავი მთის ფარგლებში ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობაა ქართული მუხა (Quercus iberica).

რელიეფის ხასიათის მიხედვით მუხნარი ფორმაცია სხვადასხვა ვარიანტებითა და ასოციაციათა კომპლექსებით წარმოგვიდგება. შედარებით შემაღლებულ უბნებზე ქართული მუხა მცირდება, რცხილას (Carpinus caucasicaა) უთმობს ადგილს და რცხილნარის ფორმაცია ყალიბდება მერქნიანთა შედარებით მეზოფილური სახეობებით. მდინარე ალაზნის პირა ჭალის ტყის ძირითადი შემქმნელი სახეობებია: ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora), ვერხვები (Populus canescens, P. nigra), იფანი (Fraxinus excelsior); ერთეულებად შემორჩენილია კაკალი (Iuglans regia) და სხვ. მეორე იარუსს ქმნიან: თელა (Ulmus foliace), ტყემალი (Prunus divaricata), კუნელი (Crataegus monogina), ზღმარტლი (Mespilus germanica), შინდანწლა (Svida australis), ტირიფი (Salix alba), კვიდო (Ligustrum vulgaris), თუთა (Morus nigra, M. alba), შვინდი (Cornus mas) და სხვ. მდიდარია ლიანების შემადგენლობაც: სურო (Hedera pastuchovii), კრიკინა (Vitis sylvestris), კატაბარდა (Clematis vitalba), ღიჭი (Smilax excelsa), ღვედკეცი (Periploca graeca), სვია (Humulus lupulus) და სხვ. ბალახოვნებიდან აღსანიშნავია: ისლი, შალამანილი (Salvia glutinosa), ქრისტესბეჭედა (Sanicula europaea), იები (Viola alba, V. odorata), ბერსელა (Brachypodium silvaticum) და სხვ. ბევრია სარეველა სახეობები.

ფაუნა
ნაკრძალი სახეობრივი მრავალფეროვნებით ხასიათდება. ამ ფარდობითად მცირე ტერიტორიაზე გავრცელებულია 46 სახეობის ძუძუმწოვარი, 135 სახეობის ფრინველი, 30 სახეობის ქვეწარმავალი და ამფიბია, 16 სახეობის თევზი, უამრავი სახეობის მწერი და უმარტივესი (ამ უკანასკნელთა სრული სახეობრივი შემადგენლობა ჯერ კიდევ დაუდგენელია).

ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ფაუნა — ყურადღებას იპყრობს როგორც სახეობათა მრავალგვარობით, ასევე მათი მნიშვნელობითაც. ამ ტერიტორიებზე ბინადრობს: დათვი (Ursus arctos), ფოცხვერი (Lynx lynx), მგელი (Canis lupus), გარეული ღორი (Sus scrofa), წავი — (Lutra lutra), სვავი (Aegypius monachus), ორბი (Gyps fulvus), ბექობის არწივი (Aqila heliaca), ფასკუნჯი (Neophron percnopterus), კაკაბი (Alectoris chukar), ბატკანძერი — (Gipaetus barbatus), გველიჭამია არწივი ანუ ძერაბოტი (Circaetus gallicus), ველის არწივი (Aquila nipalensis), შაკი (Pandion haliaetus), შავარდენი (Falco peregrinus), ხოხობი (Phazianus colchicus), გნოლი (Perdix perdix), დურაჯი (Francolinus francolinus), წითელთავა ღაჟო (Lanius senator), ყვითელთავა ნარჩიტა (Regulus ignicapuls), ტუგაის ბულბული (Cercotrichas galactotes) და სხვები.

2003 წლის შემოდგომაზე დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის ფარგლებში ჩატარებული კვლევების საფუძველზე ნაკრძალში სახეობათა კონსერვაციის შენარჩუნების ცენტრის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს წინააზიური ლეოპარდის ნაკვალევი. შემდგომში მოხერხდა ამ ცხოველის 9 ფოტოს გადაღება ფოტოხაფანგების საშუალებით.

ოთხმოციანი წლების ბოლომდე შეინიშნებოდა გადაშენების პირას მისული ჩლიქოსანი ცხოველი — ქურციკი (Gazela subgutturossa). ცალკეული ინდივიდების სახით დღესაც გვხვდება გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ზოლებიანი აფთარი (Hyaena hyaena), აქვე გვხვდება სტეპისათვის დამახასიათებელი დღეისათვის იშვიათი ფრინველთა სახეობების, სავათისა (Otis tarda) და სარსარაკის (Tetrax tetrax) მცირერიცხოვანი გუნდები. ისინი შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაში. ნანახია შავი ყარყატის (Ciconia nigra) ბუდე.

ქვეწარმავალთაგან აღსანიშნავია ხმელთაშუაზღვის კუ — (Testudo graeca), დასავლური მახრჩობელა (Eryx jacululs), აზიური თვალტიტველა ხვლიკი (Ablepharus pannonicus), გრძელფეხება სცინკი (Eumeces shneideri), გიურზა (Vipera lebetina), ოთხზოლიანი მცურავი (Elaphe guatuorliniata) და სხვები.

მდინარეებში გავრცელებულია ლოქო (Silurus glanis), ფარგა (Lucioperca lucioperca), ამიერკავკასიური ბლიკა (Blicca bjoerkna), კობრი (გოჭა) (Cyprinus carpio), შამაია (Chalacalburnus chalcoides), მდინარის ღორჯო (Gobius cephalarges), წვერა (Barbus lacerta), კავკასიური ქაშაპი (Leuciscus cephalus) და სხვა.

ზოგიერთი სახეობა ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) წითელ ნუსხაშია შეტანილი.

ბუნების ძეგლები 
ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შემადგენლობაში შედის, აგრეთვე, სამი ბუნების ძეგლი. ისინი ფარდობითად მცირე ზომის ტერიტორიებზეა განლაგებული:

ჯუმას ყურე

ჯუმას ყურე წარმოადგენს ალაზნის მეანდრსს. მისი ყელის სიგანე 30-40 მეტრს არ აღემატება, ხოლო ფართობი 204 ჰა-ზე მეტია. სადღეისოდ სრულყოფილად, მხოლოდ ამ ყურეშია შემორჩენილი ალაზნის ხეობისათვის დამახასიათებელი ლეშამბოიანი ჭალის ტყე, რომელიც ფლორისტულად ძალიან მდიდარია. საქართველოში მხოლოდ ამ ყურეშია კაკლის ერთადერთი ბუნებრივი ადგილსამყოფელი.

არწივის ხეობა 

დაბა დედოფლისწყაროდან 2 კმ-ში კირქვიან მასივზეა განლაგებული. აქ საქართველოს ლოკალური ენდემური სახეობის — კახეთის მაჩიტას (Campanula kachetica) და იშვიათი სახეობის ბალახოვნების (Globularia trichoscuntha და Galium pedemantanum) ერთადერთი ადგილსამყოფელია. აქვე, მის დასავლეთით 1,5 კმ მოშორებით, მუხნარ-რცხილნარ ტყეში, ვეებერთელა კირქვის მასივებზე გვხვდება იშვიათი წიწვიანი ბუჩქი ტუია (Biota orientalis), რომელიც საქართველოს არცერთ სხვა კუთხეში არ არის გავრცელებული. არწივის ხეობა ასევე გამოირჩევა ფრინველთა საბინადრო გარემოთი. აქ სამოცამდე სახეობის ფრინველის ნახვაა შესაძლებელი, მათ შორის არიან მობუდარი იშვიათი სახეობის ფრინველებიც — შავი ყარყატი და ორბი.

ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი


ტახტი-თეფას ტალახის ვულკანი არაორგანული ბუნების ძეგლია. იგი მდებარეობს დალის წყალსაცავის სამხრეთით, ზღვის დონიდან 620 მ სიმაღლეზე, რომელიც სერის თხემზე აღმართულ რამდენიმე მეტრი სიმაღლის ბორცვს წარმოადგენს. ყველაზე დიდი ტალახის კრატერის დიამეტრი 3,5-4 მ-ია. იგი, ისევე როგორც მის გარშემო განლაგებული მცირე ზომის სასულეები, მუდმივმოქმედია. მათგან ამოდის ტალახი, ნავთობი და აირი. სასულეებიდან ამოსული ტალახი ერთდება და ქვევით, ხევში ჩაედინება. ბუნების ძეგლი და მისი მიდამოები ქვიშაქვებითა და თიხებითაა აგებული.


http://ka.wikipedia.org/wiki/ვაშლოვანის_სახელმწიფო_ნაკრძალი

კახეთი



                                                                კახეთი

 საქართველოს აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე რეგიონს – კახეთს - ჩრდილოეთიდან თუშეთი და დიდი კავკასიონის ქედი ესაზღვრება, აღმოსავლეთით და სამხრეთით აზერბაიჯანია, ხოლო მის დასავლეთით ქართლი მდებარეობს. ამ რეგიონს ორი ძირითადი მდინარე ჩამოუდის: ალაზანი აღმოსავლეთ ნაწილში და იორი - დასავლეთში.

 ჩვ. წელთაღრიცხვის VIII საუკუნის ბოლოს კახეთი დამოუკიდებელ ფეოდალურ სამთავროს წარმოადგენდა. XII საუკუნის დასაწყისში მეფე დავით აღმაშენებელმა კახეთი წარმატებით შეიყვანა საქართველოს გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში და ამ მხარემ აღნიშნული სტატუსი 300 წელიწადზე მეტხანს შეინარჩუნა. 1460-იან წლებში, საქართველოს გაერთიანებული სამეფოს დაშლის შემდეგ, კახეთი დამოუკიდებელი სამეფო გახდა. 1762 წელს იგი მეზობელ სამეფოს, ქართლს, შეუერთდა, რის შედეგადაც აღმოსავლეთ საქართველოს სამეფო – ქართლ-კახეთი – შეიქმნა. ეს სამეფო, სპარსელების ხშირი შემოსევების გამო, საკმაოდ იყო დასუსტებული და 1801 წელს რუსთა ხელმწიფემ, პავლემ, მისი ანექსია მოახდინა.

 მთელი საუკუნის განმავლობაში ქართლ-კახეთი რუსეთის მმართველობის ქვეშ იმყოფებოდა. 1918 წელს, ერთი წლის შემდგომ, რაც ვლადიმერ ილიას ძე ლენინის ბოლშევიკურმა პარტიამ რუსეთში სამხედრო გადატრიალება მოაწყო, საქართველომ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მაგრამ ეს დამოუკიდებლობა უდღეური აღმოჩნდა. 1921 წელს ბოლშევიკური არმია საქართველოს შემოესია. მომდევნო წელს საქართველო ახალშექმნილ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირში (სსრკ) გააერთიანეს. 1990 წლის აპრილში, როდესაც გარეგანი შემოტევების შედეგად სსრკ საკმაოდ დაძაბუნდა და დაშლა დაიწყო, საქართველომ კვლავ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. 1992 წელს დამოუკიდებელი ერის სტატუსი საერთაშორისო მასშტაბით იქნა რატიფიცირებული იმით, რომ საქართველო გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრი გახდა.

 კახეთი, რომელიც მთელ საბჭოთა კავშირში განთქმული იყო როგორც წამყვანი რაიონი, დღესაც ვაზის კულტურის მხარედ რჩება. ახლახან არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ იქნა ყურძნის კურკები, რომლებიც ქრისტეშობამდე 7000-6000 წლით არის დათარიღებული. კახეთის ყველაზე უფრო შთამბეჭდავი ღვინის ქარხანა წინანდალში მდებარეობს, სადაც ღვინის წარმოება 1865 წელს დაიწყო. იგი განთავსებულია ადგილ-მამულში, რომელიც ადრე ალექსანდრე ჭავჭავაძის საკუთრებას წარმოადგენდა; ალექსანდრემ, სახელმოხვეჭილმა პოეტმა და მოღვაწემ, ღვინის წარმოება სწორედ ამ ადგილზე წამოიწყო.


ბოდბის მონასტერი ბოდბეში
 კახეთი, აგრეთვე, ცნობილია ეკლესიებითა და ისტორიული ძეგლებით, მათ 
შორის დავით გარეჯის 

 მონასტრით, რომლის ერთი ნაწილიც მთის შიგნითაა ჩაშენებული და ალავერდის ტაძრით, რომელიც სიმაღლით მეორე ტაძარს წარმოადგენს საქართველოში და რომლის გუმბათიც ორმოცდახუთ მეტრზეა აზიდული. ამ რეგიონში რამდენიმე ეროვნული ნაკრძალი მდებარეობს, რომელთა შორისაც ლაგოდეხის ეროვნული პარკი უპირველესი და უძველესია. იგი 1912 წელს გაიხსნა. ის უმთავრესად დასასვენებელ ადგილს წარმოადგენს, მაგრამ პარკი მნახველების ყურადღებას მცენარეული საფარითა და იქ მობინადრე ცხოველების დიდი მრავალფეროვნებითაც იპყრობს; მისი პეიზაჟები ადამიანისა და ბუნების ურთულეს ურთიერთმიმართებაზედაც ჩაგვაფიქრებს. კახეთის კიდევ ერთ ძირითად სანახაობას სიღნაღი წარმოადგენს, რომელიც ისტორიული დასახლებაა და დღეისათვის იქ დაახლოებით 2000 ადამიანი ცხოვრობს. სულ ახლახან სიღნაღში ისტორიული შენობების, ეკლესიებისა და კულტურული ძეგლების რესტავრაცია განხორციელდა. ამ მომხიბლავ ქალაქში ტურისტების ნაკადი სულ უფრო იზრდება.

 კახეთი საქართველოს ერთ-ერთი უმშვენიერესი მხარეა კავკასიონის მთავარი ქედის თოვლიანი მთებით, მწვერვალებითა(3300-4500მ) და უღელტეხილებით, ვაკეებით, ველ-მინდვრებითა და ნახევრად უდაბნო ადგილებით. იგი ქვეყნის აღმოსავლეთით მდებარეობს. კახეთს ჩრდილოეთიდან რუსეთი ესაზღვრება, აღმოსავლეთიდან და სამხრეთიდან კი აზერბაიჯანი. იგი მოიცავს 12,2 ათას კმ2 ფართობს. მოსახლეობა 407,2 ათასი კაცია.

 საოცარი სანახავია კახეთის კავკასიონი, ციცაბო ფერდობებით რომ ეშვება ალაზნის ვაკეზე. კახეთი უძველესი და უნიკალური მევენახეობა-მეღვინეობის რეგიონია საქართველოში. აქ მრავალი ჯიშის ყურძენი ხარობს და შესაბამისად, მრავალფეროვანი და მაღალხარისხიანი ღვინოებიც მზადდება.

 კახეთის, როგორც ცალკე ტერიტორიულ ერთეულად ჩამოყალიბება უკავშირდება ქართველთა ეთნარქის, ქართლოსის ძის _ კახოსის სახელს. იმ პერიოდში კახეთი მოიცავდა ტერიტორიას კავკასიონსა და კახეთის მთას შორის, არაგვიდან ტყეტბამდე.

 III-IV სს. მიჯნამდე კახეთის ცენტრი ჟალეთი იყო, ხოლო IV ს.-ის დამდეგიდან კახეთის ცენტრად მეფე მირიანმა უჯარმაში გადმოიტანა. XI საუკუნიდან დღემდე კახეთის ადმინისტრაციულ ცენტრად ქ. თელავი ითვლება.

 VIII ს. წარმოიქმნა კახეთის ადრეფეოდალური სამთავრო. IX საუკუნიდან მისი საზღვრები გაფართოვდა დასავლეთით ქართლისაკენ მდ. ქსნამდე, აღმოსავლეთით ჰერეთისაკენ; ჩრდილოეთით კახეთის სამთავროს კავკასიონის ქედი ესაზღვრებოდა, ასე რომ ხევი, თუშ-ფშავ-ხევსურეთი და ქისტეთის სამხრეთი მთიანეთი მის ფარგლებში შევიდა, ხოლო სამხრეთით ძველი ქართული პროვინციალ, გარდაბანი X ს. შუა წლებამდე ასევე მის შემადგენლობაში შედიოდა.

 IX-X სს. კახეთი აქტიურად მონაწილეობდა საქართველოს გაერთიანებისათვის ბრძოლაში.
 XI-XII სს. მიჯნაზე კახთა ქორეპისკოპოსი კვირიკე III განუდგა საქართველოს მეფეს, "დაიპყრა კახეთი და ჰერეთიცა და იწოდა მეფედ კახთა". XII ს. დავით აღმაშენებელმა კახეთის სამეფო საქართველოს შემოუერთა.
 XV ს. საქართველოს დაშლის შემდეგ ჩამოყალიბდა კახეთის სამეფო (გვიანდელი). ამ დროისათვის კახეთის სამეფოს პოლიტიკური და კულტურული ცენტრი გრემი იყო, მოგვიანებით (გრემის განადგურების შემდეგ) კი თელავი.
 კახეთის სამეფო XIX საუკუნემდე არსებობდა.


ღირსშესანიშნაობები: 
 ალავერდი(X-XVII სს.), 
 ალვანი(VIII-IXსს.), 
 ბაიხოს სამება(VII ს.), 
 კვეტერას ციხე-სიმაგრე და ჯვარგუმბათოვანი ეკლესია(VIII-XI სს.), 
 მატანის ციხე(XVIII ს.), 
 გურჯაანის ყველაწმინდა (VIII ს.), ვ
 აზისუბნის ორმოცნი(VI ს.), 
 ვაჩნაძიანის ყველაწმინდა(VIII-IXსს.), 
 ვეჯინის სამონასტრო კომპლექსი(X-XI სს.), 
 ზეგაანის ყველაწმინდა(Vი-VII სს.) და წმ. მარინეს ეკლესია(V ს.), 
 კარდენახის საბაწმინდა(VI-XIV სს.), 
 სანაგირეს სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XVI სს.), 
 ჭერემის ციხე-ქალაქი(V ს.), 
 წერმის სამეკლესიანი ბაზილიკა(X-XI სს.) და სასახლე(VIII-IX სს.), 
 ხორაუგის ქვაბთა სისტემა, 
 ვაზიანის ამაღლება(X ს.), 
 ხორნაბუჯის ციხე-ქალაქი(V ს.), 
 აკურას სამნავიანი ბაზილიკა(IX ს.), ა
 ხალი შუამთა (XVI ს.), 
 ვანთა ხუროთმოძღვრული კომპლექსი(VIII-IX სს.), 
 ბატონის ციხე(XVII ს.), 
 იყალთოს მონასტერი და აკადემია(VI-XIIსს.), 
 კირისხევის ღვთისმშობლის ეკლესია(VI-VII სს.), 
 კონდამიანის უდაბნო და სამონასტრო კომპლექსი(VI ს.), 
 ძველი შუამთა(V_VII სს.), 
 ლელიანის სამონასტრო კომპლექსი(X_XI სს.), 
 ბერების სერი,გამოქვაბულთა კომპლექსი(VI-VIII სს.), 
 დავით-გარეჯა(VI-XVIII სს.), 
 კაწარეთის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს.), 
 ნაომარი გორა(ძვ. წ. II-I ათასწლ.), 
 საგარეჯოს წმ. პეტრეს და წმ. პავლეს დარბაზული ეკლესია(XVIII ს.), 
 მანავის გუმბათიანი ეკლესია(XVIII ს.), 
 მარტყოფის სამონასტრო კომპლექსი(VI-XIX სს.), 
 ნინოწმინდას სამონასტრო კომპლექსი(VI ს.), ც
 იხე-ქალაქი უჯარმა(IV ს.), 
 ბოდბის სამონატრო კომპლექსი(IV-IX სს.), 
 ციხე-ქალაქი სიღნაღი(XVIII ს.), 
 ხირსას მამათა მონასტერი(VI ს.), 
 გრემი (XVI ს.), 
 ნეკრესის სამონასტრო კომპლექსი(IV-IX), 
 ნეკრესის წინაქრისტიანული სამლოცველო(ძვ.წ. II ს.), 
 ყვარლის ციხე(XVI-XVII სს.), 
 ყვარლის ნათლისმცემლის ეკლესია, 
 აღდგომის ტაძარი(XVI-XVII სს.), 
 ძველი გავაზის ღვთისმშობლის ტაძარი(V_VI სს.), 
 შილდას ნახევრად მიწაში ჩაფლული ტაძარი, ტელავის ძველი გალავანი(VIII-IX სს.) 
 ხაშმის სამნავიანი ბაზილიკა(V_VI სს) და სასახლე(IX-X სს.), 
 დუბის დედათა მონასტერი(VI ს.), 
 უძველესი ნაქალაქარი სოფელ მთისძირში, 
 ჯანდიერაანთ ციხე, მანავის ციხე(შუა საუკ.), 
 ახმეტის ოთხკუთხა კოშკი, 
 ჩაილუირის ციხე-გალავანი(შუა საუკ.), 
 ილიას ქანდაკება ილიას გორაზე(ყვარელი), 
 დურუჯის ხეობის ლოდი, 
 ყვარლის ღვინის გვირაბი, 
 ყვარლის საფუტკრეები და ფიქალები, 
 უდაბნოს სვეტი, 
 ქილაკუპრი და ფორფოტები(ტალახის ვულკანები)

მუზეუმები: 
 ვაჩნაძიანის სოფლის ისტორიული მუზეუმი, 
 თელავის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, 
 გ. ლეონიძის სახლ-მუზეუმი, 
 ვ. სარაჯიშვილის, 
 ვ. გოძიაშვილის, 
 ილო მოსაშვილის, 
 ი. ევდოშვილის, 
 ს. მირიანაშვილის, 
 ს. შანშიაშვილის, 
 ნიკო ფიროსმანის სახლ-მუზეუმები, 
 ნატო ვაჩნაძის სახლ-მუზეუმი, 
 ი. ჭავჭავაძის მუზეუმი, 
 მარჯანიშვილის მუზეუმი, 
 ახმეტის, 
 გურჯაანის, 
 დედოფლისწყაროს, 
 საგარეჯოს და გავაზის მხარეთმცოდნეობის მუზეუმები

დაცული ტერიტორიები: 
 ვაშლოვანის ეროვნული პარკი; 
 თუშეთის ეროვნული პარკი; 
 ილტოს აღკვეთილი; ყორუღის აღკვეთილი; 
 ლაგოდეხის აღკვეთილი; 
 ივრის აღკვეთილი; 
 ჭაჭუნის აღკვეთილი

დაცული ტერიტორიები



 IUCN-ის  კრიტერიუმების მიხედვით, დაცული ტერიტორია 6 კატეგორიისგან შედგება: სახელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი, ბუნების ძეგლი, აღკვეთილი, დაცული ლანდშაფტი და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიები.  საქართველოში 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 9 ეროვნული პარკი, 24 ბუნების ძეგლი და 18 აღკვეთილი ტერიტორიაა. აღკვეთილი არის დაცული ტერიტორიის ერთ-ერთი სახე, რომელსაც მინიჭებული აქვს სპეციალური სტატუსი. იგი შეესაბამება  IUCN-ის  IV კატეგორიას.



ეს აღკვეთილი ტერიტორიებია: ლაგოდეხის, ილტოს, ყორუღის, გარდაბნის, იორის, ჭაჭუნის, კაცობურის, ქობულეთის, ნეძვის, ქცია-ტაბაწყუტის, თეთრობის, აჯამეთის, კარწახის, სულდის, ხანჩალის, ბუღდაშენის, მადაფატას და სათაფლიის. ამ ტერიტორიების ფართობი  64119  ჰექტარია.

აღკვეთილი შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზების და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მხრიდან მოითხოვს სპეციალურ აღდგენით და მოვლით ღონისძიებებს. აღკვეთილში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსის მოხმარება.

აღკვეთილი საჭიროებს ეროვნულ და ცალკეულ შემთხვევებში, საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე სახმელეთო ტერიტორიას ან/და აკვატორიას, სადაც ცოცხალ ორგანიზმთა იშვიათი, უნიკალური, დამახასიათებელი და „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობები და ეკოსისტემის ცალკეული მნიშვნელოვანი კომპონენტებია წარმოდგენილი.

აღკვეთილი შეიძლება შედიოდეს ბიოსფერული რეზერვატის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნის, საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის და სხვა დაცული ტერიტორიის შემადგენლობაში და ასევე მოიცავდეს ბუნების ძეგლს.

აუცილებლობის შემთხვევაში, შესაძლებელია აღკვეთილში სხვადასხვა ზონა მოეწყოს.

აღკვეთილში დაშვებულია თევზჭერა, ნადირობა და სამონადირეო მეურნეობის მოწყობა.

ამ ტერიტორიების მოვლა კატეგორიების მიხედვით ხდება. მაგალითად, ნაკრძალი უნდა იყოს ხელუხლებელ მდგომარეობაში, სადაც ბუნებრივი პროცესები ადამიანის ჩარევის გარეშე უნდა მიმდინარეობდეს, თუმცა შესაძლებელია მოვლითი ღონისძიებების ჩატარება. აქტიური მენეჯმენტის განხორციელება. ეს ყველაფერი მხოლოდ არამანიპუალციური-სამეცნიერო კვლევისთვისაა ანუ მონიტორინგისთვის, დაკვირვებისთვის, ასევე საგანმანათლებლო მიზნებისთვის, რათა აუხსნან მოქალაქეებს, სტუდენტებს, სკოლის მოსწავლეებს თუ რა დიდი ფასეულობა და დაცვითი ფუნცია აქვს ამ ტერიტორიებს.

ეროვნული პარკი გამოირჩევა ეკოსისტემებით. დაცული ტერიტორიის ფუნქციის გარდა, საშუალებას იძლევა, განვავითაროთ ტურიზმი ანუ ადამიანების დასვენების შედეგად, იქ მცხოვრებ ხალხს გარკვეული შემოსავალი მოვუტანოთ.

”ჩვენ ვთავაზობთ ვიზიტორებს მობრძანდნენ, დაათვალიერონ ეს ტერიტორია და იქ არსებულ სერვისებში შესაბამისი თანხა გადაიხადონ, რომლითაც ხელს უწყობენ ადგილობრივი მოსახლეობის ბიზნესის განვითარებას. ეს შეიძლება იყოს საოჯახო სასტუმრო, ლანჩ-პაკეტების დამზადება,  პროდუქციის მაღაზია ( თაფლი და ა.შ ) ასევე ვავითარებთ აქტიურ მენჯმენტს ანუ მაგალითად, თუ დაავადდა რომელიმე ტყე ვცდილობთ განადგურების საშუალება არ მივცეთ, ბუნებრივ პროცესებში ვერევით და აქტიურ მენჯმენტს ვახორციელებთ. ‘’ – განაცხადა ბორჯომ-ხარაგაულის ნაკრძალის დირექტორმა თომა დეკანოიძემ.

ამგვარი ტერიტორიები არის ტრადიციულ-აქტიური ზონა, სადაც ნებადართულია მოსახლეობისთვის ტრადიციული სამეურნეო საქმიანობა: სამკურნალო მცენარეების გამოყენება, ხე-კენკრის შეგროვება, თიბვა, საქონლის ძოვება, შეშის მოპოვება, მაგრამ აკრძალულია ხვნა-თესვა.

თუმცა ვიზიტორების ჭარბმა რაოდენობამ შეიძლება ბიო-მრავალფეროვნების დეგრადაცია გამოიწვიოს.

აღკვეთილ ტერიტორებზე რესურსების უკანანოდ მოხმარების შემთხვევაში, საქმეში ერევა დაცვის სამსახური (რეინჯერები) და  ადმინისტრაციულ-სამართლებრივი კოდექსის მიხედვით, დაწესებულია ჯარიმები. ამას გარდა, პიროვნებას დაზიანებული ტერიტორიის ანაზღაურება ეკისრება.

აღკვეთილი ტერიტორების შექმნას ან გაუქმებას წყვეტს საქართველოს პარლამენტი. თუმცა ვიდრე პარლამენტამდე მივა ეს საკითხი, მანამ შეიძლება წიანდადება წამოაყენოს არასამთავრობო ორგანიზაციამ, კონკრეტული ტერიტორიის გამგეობამ, ამის შემდგომ იქ მიდის ჯგუფი, რომელიც სწავლობს ამ ტერიტროიას თუ რამდენად მნიშვნელოვანი, მრავალფეროვანია ის, შემდგომ ხდება დასკვნის ნაწილის მომზადება, სადაც მითითებულია, რომ ეს ტერიტორიები მიზანშეწონილად უნდა გამოცხადდეს დაცულ ტერიტორიად. ეს დასკვნა წარედგინება სამინისტროს, რომელიც შესაბამისად განიხილავს მას პარლამენტში, სადაც ხდება მისი დაკმაყოფილება ან გაუქმება.

ბოლო წლებში, შექმნილი დაცული ტერიტორიებიდან აღსანიშნავია 1996 წელს ბორჯომ-ხარაგაულის სამონადირეო მეურნეობის ეროვნულპარკად, აღკვეთილად გადაკეთება. ის მოიცავს ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს, ნეძვის აღკვეთილ, ქცია-ტაბაწყურის აღკვეთილ და თეთრობის აღკვეთილ ტერიტორიებს.

ასევე 2001 წელს შექმნილი კოლხეთის ეროვნული პარკი, ამავე წელს ჯავახეთის ეროვნული პარკი.  2003 წელს შექმნილი თუშეთის საელმწიფო ნაკრძალი, ეროვნული პარკი და დაცული ლანდშფტი, ვაშლოვანის ნაკრძალი და  ილიტოს აღკვეთილი ტერიტროები. 2007 წლიდან შექმნილი სათაფლიის მღვიმეები, რომელსაც ბუნების ძეგლის სტატუსი მიენიჭა. ამ პერიოდში საგურამოს ბაზაზე თბილისის ეროვნული პარკიც ჩამოყალიბდა. საქართველოს მასშტაბით, დაცულ ტერიტორიებს, ნახევარი მილიონი ჰექტარი უჭირავს, რომელიც ქვეყნის ფართობის დაახლოებით 8 % შეადგენს.